ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წელს არავის დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის, ყველა შოკირებული იყო ყირიმის ანექსიისას, ახლახან კი რუსეთის უკრაინაში შეჭრით, ვგულისხმობ, რომ დასავლეთისგან პასუხი უნდა იყოს რელევანტური
ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წელს არავის დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის, ყველა შოკირებული იყო ყირიმის ანექსიისას, ახლახან კი რუსეთის უკრაინაში შეჭრით, ვგულისხმობ, რომ დასავლეთისგან პასუხი უნდა იყოს რელევანტური

2008 წლის შემდეგ არავის დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის, პირიქით, ვხედავდით ურთიერთობების გადატვირთვას, ყველა შოკირებული იყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ახლახან მსოფლიო ისევ შოკირებული იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ვგულისხმობ, რომ დასავლეთისგან პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა.

მისივე თქმით, შეცდომა იქნება, თუ ევროკავშირი მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს კანდიდატის სიმბოლური სტატუსის მინიჭების გარეშე დატოვებს.

„ევროკავშირიდან ველით ბრძნულ გადაწყვეტილებას. მოდით, აქ ღიად და გულახდილად ვისაუბროთ. როდესაც 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, მაშინ მსოფლიო ფიქრობდა, რომ შესაძლოა, კონტექსტი იყო განსხვავებული და ასე შემდეგ. ნება მიბოძეთ, ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის შემდეგ არავის მსოფლიოში არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. პირიქით, ვხედავდით რუსეთთან ურთიერთობების განახლებას, გადატვირთვას. 2014 წელს ყველა შოკირებული იყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და სულ ახლახან მთელი მსოფლიო ისევ გაკვირვებული და შოკირებული იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მე ვგულისხმობ, რომ დასავლეთისგან პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური, პროპორციული. დღევანდელ რთულ დროს, ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანას, თანამოაზრე პარტნიორებს, ასოცირებულ ტრიოს – მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს კანდიდატის სიმბოლური სტატუსის მინიჭების გარეშე თუ დატოვებს, ყოყმანის გარეშე ვიტყვი, რომ ეს იქნება შეცდომა, რადგან ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, ვაკეთებთ და მზად ვართ, გავაკეთოთ, გავაგრძელოთ ყველა რეფორმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.