ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში თამაზ გაიაშვილს დაავალეს, ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოეთხოვა რამე სანაცვლოდ ჩვენი დიასპორისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში თამაზ გაიაშვილს დაავალეს, ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოეთხოვა რამე სანაცვლოდ ჩვენი დიასპორისთვის

2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში თამაზ გაიაშვილი გააგზავნეს და დაავალეს, რომ ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ?! მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონიანი დიასპორისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული ჯარი ბოლოს საქართველოდან 2007 წელს გავიდა, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენიმე თვეში კი წინა ხელისუფლებამ უგუნური, გაუაზრებელი, გაუთვლელი პოლიტიკის შედეგად კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი დააბრუნა ჩვენს ტერიტორიაზე.

„რაც შეეხება ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას: დღეს ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ორივე ძირძველ ისტორიულ ტერიტორიაზე, აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც. მინდა, კითხვა დავსვა, ვის წარმოუდგენია? როგორ წარმოუდგენია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება? რაც გააკეთა წინა ხელისუფლებამ, ძალიან კარგად ვნახეთ. რუსული ჯარი ბოლოს 2007 წელს გავიდა, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათი ნება იყო გამოხატული და გაიყვანეს ჯარი. ისეთი უგუნური პოლიტიკა, გაუაზრებელი, გაუთვლელი პოლიტიკა აწარმოა წინა ხელისუფლებამ, რამდენიმე თვეში დააბრუნეს კიდევ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი ჩვენს ტერიტორიაზე. ჩააბარეს უბრძოლველად კოდორის ხეობა, საერთოდ არავის ჰქონია მანამდე პრეტენზია, დაარქვა ზემო აფხაზეთი ამ მავნებელმა კაცმა, ჩააბარეს კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ახალი დევნილი მივიღეთ ქვეყნის შიგნით. დღეს მთელი კამპანია არის დაორგანიზებული და მობილიზებული, მთელი მსოფლიო დგას, რა თქმა უნდა, და ჩვენ, მათ შორის, მათ რიგებში ვართ, უკრაინას ვუჭერთ მხარს. ძალიან მძიმე ისტორიას ვისმენთ, უკრაინის ტერიტორიები იბომბება, ნადგურდება ქალაქები, სოფლები, რაიონები, თქვენ ამის კადრები ნანახი გაქვთ, არაფერი აღარ რჩება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, უკრაინის ტერიტორიის 20% არის უკვე ოკუპირებული, განადგურებულია ქალაქები და ასეულობით ათასობით არის დაღუპული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა.

„20 მილიონის მიგრაცია მოხდა. ამბობენ, რომ ათმა მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინის ტერიტორია და 10 მილიონი ქვეყნის შიგნით არის იძულებით გადაადგილებული. 20 მილიონი, გესმით, რამხელა კატასტროფაზეა საუბარი? ასიათასობით ადამიანი დაიღუპა და იხოცება ყოველდღე. ამის თაობაზე დაორგანიზებულია მთელი საერთაშორისო კამპანია, სანქციების თემაზე, ეკონომიკური, მათ შორის ფინანსურია და ა.შ. ჩვენი ხელისუფლება გამოვიდა თავიდანვე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, ჩვენი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, 20% გვაქვს ოკუპირებული, ამაზე ვფიქრობთ ჯერ, არ მომერიდება ამის თქმა, დიახაც, ასეა. ჯერ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე და ხალხზე უნდა ვიფიქროთ, მე ასე მჯერა. ყველა ნორმალური, პატრიოტი ადამიანი ასე უნდა ფიქრობდეს, ქვეყანას რა უნდა გაუკეთოს, მერე დავეხმაროთ სხვებს. ყველას პატივს ვცემთ, უკრაინას, ძალიან გული მტკივა და საშინელება ხდება, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ამ ომის მალე დასრულება, მინდა, ვუსურვო, ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობა. ჩვენი ოპოზიცია და სხვებიც გვეუბნებიან, რომ დააწესეთ სანქციები, რუსეთს დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები, შეწყვიტეთ ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები რატომ აღადგინეს, ჩვენ არ აღგვიდგენია, შეწყვეტილი იყო მანამდე მათი გამოისობით და ა.შ. უვიზო რეჟიმი რატომ შემოიღეს? მანამდე რაც მოგიყევით, ეკონომიკური აღმავლობა რაც გვაქვს და განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა, ამაზე უნდა ვთქვათ უარი, გადავყაროთ ყველაფერი, ათასობით სამუშაო ადგილი რომ იქმნება და ხალხმა რომ ამოისუნთქა და დოვლათი იქმნება ქვეყანაში, ამაზე უნდა ვთქვათ უარი და უნდა შევუერთდეთ უკრაინის ომის გამო დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს? ახლა, მოდით, ამაზე გავჩერდეთ და ვთქვათ, ვინ დააწესა სანქციები ჩვენი ომის გამო? ვინმემ დააწესა სანქციები? ან წინა ხელისუფლება გამოვიდა? გახსოვთ, ვინმე გამოსულიყო და ეთქვა, არ გვინდა ვაჭრობა რუსეთთან? პირიქით, მოდით, გავყვეთ ქრონოლოგიურად, შევახსენოთ ამ მავნებლებს, რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, რამხელა ღალატი ჩაიდინეს, გარდა იმისა, რომ ტერიტორიები ჩააბარეს, 20%, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი, ამდენი ჯარისკაცი, ბიჭები წაიყვანეს, ჩახოცეს და არც კი გამოიყვანეს, რომ არა პატრიარქისა და მეუფეების დამსახურება. ჩვენი სამხედროების ცხედრებიც კი არ გამოიყვანეს და მიწაზე გართხმული ვნახეთ ჩვენ მაშინდელი მთავარსარდალი. თვეების შემდეგ, ომი ახალი მომხდარი იყო, წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რუსეთისთვის, ოკუპანტი ქვეყნისთვის, მიეყიდათ ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ანუ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, ვის მიჰყიდეს? რუსულ სახელმწიფო კომპანიას. გახსოვთ, მაშინ გამოდიოდა ყოფილი მინისტრი მერაბიშვილი და თქვა: მერე რა მოხდა, რუსული ფული რუსული ფულია, რა მოხდა? აი, ასეთ ფარისევლებთან გვაქვს საქმე. რამდენიმე თვეში გაგრძელდა ეს მუშაობა, მახსოვს ძალიან კარგად, მათი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ფრენები დაგვეწყო, აგერ არის ავიაკომპანია „ქართული ავიახაზები“, ბატონი თამაზ გაიაშვილი, მოაყოლეთ. მე ვიცი ფაქტები, გააგზავნეს, დაავალეს, რომ ჩასულიყო, დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე, ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონიანი დიასპორისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.