ირაკლი ღარიბაშვილი - 2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს და 2024 წლამდე, ვიდრე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს სწრაფი აღმავლობის, განვითარების წლები
2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ძლიერად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში და სულ მცირე სამი წელი, 2024 წლამდე, ვიდრე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს სწრაფი აღმავლობის და განვითარების წლები, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენი მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ, დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი მთავარი საზრუნავი ქვეყანაში სხვადსხვა სფეროს სწრაფი განვითარება იქნება.
„მნიშვნელოვანია განათლება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას სჭირდება თანამედროვე, გადამზადებული სპეციალისტი. აუცილებელია განათლების სფეროში ინვესტირება. გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი. გვაქვს გეგმა, რომ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული წავახალისოთ განსაკუთრებული ინიციატივებით, წამახალისებელი ღონისძიებებით, მივცეთ მათ იაფი სესხი, დაფინანსება, გრანტები მთავრობისგან, რათა ადგილზე მოხდეს მათი დასაქმება და გამოყენება. ბოლო წლების განმავლობაში 175 ახალი სკოლა აშენდა ჩვენს დროს, 250-ზე მეტი სკოლა გარემონტდა. დღეს კიდევ ერთ ახალ სკოლას დავათვალიერებ. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი სტანდარტი – ყველა სკოლა, ყველა ბაღი უნდა იყოს ერთიანი ევროპული სტანდარტით აშენებული და რეაბილიტირებული. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი – განვითარება, განვითარება, განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.