ირაკლი ღარიბაშვილი - 17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში
17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო და საქმით დაამტკიცა მხარდაჭერა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.
„ყველას მოგესალმებით ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როცა ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულებას და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენ გმირ სამხედროებს. 17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი. ნატო-ს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნისა და ჯარის მონაწილეობა და მსხვილი კონტრიბუცია არის მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. 2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისია ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ჩვენ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა ვიყავით და საქმით დავამტკიცეთ ჩვენი მხარდაჭერა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს და აღნიშნა, რომ ისინი დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.
„მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს 20 000-ზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით, რა თქმა უნდა, ჩვენს სამშობლოს. თქვენმა პროფესიონალიზმმა, გმირობამ, თავდადებამ, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთს. მადლიერები ვართ თითოეული თქვენგანის წვლილით და ღირსეული სამსახურით. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული 32 გმირი სამხედროს წინაშე, მათი ხსოვნა და თავდადება ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნისა და ჯარის ისტორიაში. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვყენის ინტერესების დაცვას და ჩვენი სამშობლოს სამსახურს. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ მსოფლიოს უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.
„საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარნიტორებთან ერთად თანამშრომლობასა და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა. ამ და სხვა ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ კიდევ უფრო უფრო გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჯარის მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას. მინდა კიდევ ერთხელ, ყველას მოგილოცოთ მისიის დასრულება, გისურვოთ წარმატებები. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი ღირსეული სამსახურისთვის, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.