ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან წარმატებით ჩატარდა.
ამასთან, საკითხზე საუბრისას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის თაობაზე. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც უკვე 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.