ირაკლი ღარიბაშვილი - 116 წელი შესრულდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, ძნელია, ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან
116 წელი შესრულდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, ძნელია, მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ილია ჭავჭავაძეს სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.
„დღეს 116 წელი შესრულდა დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.
ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო“. მართლაც, ძნელია, მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. მისმა ტიტანურმა ძალისხმევამ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა ნიადაგი მოამზადა საქართველოს თავისუფლებისთვის, განსაზღვრა შემდგომი განვითარების პროცესები, შექმნა ურღვევი ფასეულობათა სისტემა, რომელიც დღესაც ორიენტირად რჩება ჩვენთვის.
ჩვენმა დედა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და ილია მართალი უწოდა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის – სწორედ სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ დიდ მწერალს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.
მარადიული იყოს მისი ნათელი ხსოვნა!“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.