ირაკლი ღარიბაშილი - დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით საფუძველი, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შეიქმნა საფუძველი, ნიკა მელიამ ციხეში არ დარჩეს, ახლა კი, ჯერი ოპოზიციაზეა.
„ჩვენ, ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა ღარიბაშილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს პარტიების ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. დღეს კი, დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.
ამასთან, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.