ირაკლი გალდავა - გაზის გამანაწილებელ მცირე კომპანიებს აქვთ საკმარისი სიგნალი იმისთვის, რომ გაერთიანებაზე იფიქრონ
გაზის გამანაწილებელ მცირე კომპანიებს აქვთ საკმარისი სიგნალი იმისთვის, რომ გაერთიანებაზე იფიქრონ, – ამის შესახებ სემეკ-ის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი გალდავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმისთვის, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი მომსახურება მიიღოს, გამანაწილებელმა კომპანიამ გარკვეული ხარჯები უნდა გასწიოს. ერთმა კომპანიამ რომ ეს ხარჯი გასწიოს, რა თქმა უნდა, დიდი ხარჯია და ეს რომ მათ მომხმარებლებზე გადანაწილდეს, მომხმარებელს ტარიფი საგრძნობლად გაეზრდება. თუ ეს კომპანია სხვა კომპანიებთან გაერთიანდება, ხარჯები დაახლოებით იგივე იქნება და მოსახლეობას ტარიფი შედარებით ნაკლებად გაეზრდება“, – განაცხადა გალდავამ.
ირაკლი გალდავამ სლოვენიის მაგალითი მოიყვანა, სადაც კომპანიების გაერთიანების შედეგად მოსახლეობამ დაბალი ტარიფი და ერთი ხარისხის მომსახურება მიიღო.
„სლოვენიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი გამანაწილებელი კომპანია გაერთიანდა და შედეგად, მასშტაბის ეკონომიის გამო, ტარიფი შემცირდა და მეორე მხრივ, არც ერთი კომპანიის ინტერესი არ შეილახა. მათ მიიღეს იგივე მოგება, რასაც იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, გაზის განაწილება რომ მოეხდინათ. მოსახლეობამ კი დაბალი ტარიფი და ერთი ხარისხის მომსახურება მიიღო“,- აღნიშნა გალდავამ.
გადაცემის სტუმარმა ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სემეკ-ი სატარიფო განაცხადს იხილავს და შესაბამის ტარიფს ადგენს იმ შემთხვევაში, თუ კომისიაში შესაბამისი სატარიფო განაცხადია შესული.
„ტარიფის გადახედვის ორი ვარიანტი არსებობს. ერთი, უნდა მოგვმართოს კომპანიამ, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც კომისია დაიწყებს წარმოებას და დაადგენს ტარიფს. მეორე – კომისიას წარმოების დაწყება და ტარიფის დადგენა თავისი ინიციატივითაც შეუძლია, მაგრამ კომისიამ არ ჩათვალა საჭიროდ, ეს ნოემბრის თვეში მომხდარიყო. „ვარკეთილაირის“ განაცხადი ჩვენთან არ შემოსულა. ერთადერთი მცირე კომპანია, რომელმაც სემეკ-ში სატარიფო განაცხადი შემოიტანა, განაწილებას გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახტანგეთში ახორციელებს და მას პირველი ნოემბრიდან ახალი ტარიფი დაუდგინდა“, – განაცხადა ირაკლი გალდავამ.
ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა. „ვარკეთილაირის“ 14500 და “დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება.