ირაკლი ფავლენიშვილი - სანქცირებულმა სასამართლო კლანმა პატიმრობა შეუფარდა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ოქტომბრის მიწურულს, ქართველ ხალხთან ერთად, ის აუცილებლად იზეიმებს რუსული რეჟიმის დამარცხებას
დღეს ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო კლანმა პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი სამშობლოს ტერიტორიაზე შემოვიდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ პარტიის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ციხეში გამოკეტვის, შეწყალების პრევენციის მიზეზია ის, რომ ქართველ ხალხთან ერთად, ის არის გამარჯვების ფორმულა.
„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა შეუმდგარი სახელმწიფოდან აქცია ევროპულ სახელმწიფოდ, რომელიც იყო მისაბაძი თავისი განვითარების ტემპებით. არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით არის ლიდერი თავისუფლების ბრძოლის დიდი ტალღის, რომელიც აუცილებლად დასრულდება პუტინის და მისი სატელიტების დამარცხებით. მისი ციხეში გამოკეტვის მიზეზი, მისი შეწყალების პრევენციის მიზეზი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა, ქართველ ხალხთან ერთად, ამ ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მე ვპირდები ივანიშვილს და მის ბანდას, მიუხედავად იმისა, რომ თანასწორად და სამართლიანად ვერ აღიქმება გარემო, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი გაუგონარი ბრალდებებით არის ციხეში, მიუხედავად ამისა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გაიმარჯვებს და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს ოქტომბრის მიწურულს ქართველი ხალხის გამარჯვებას, ანტიქართული რეჟიმის დამარცხებას და დაიწყება აღმშენებლობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ ოთხ პირს, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.