ირაკლი ფავლენიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოუშვას
როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ევროპული ტიპის მმართველობაზე, პირველ რიგში უნდა გაახსენდეს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ყოფილი პრეზიდენტები შეთითხნილი ბრალდებით არ არიან ციხეში, ამიტომ მან არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციონერი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოუშვას ციხიდან, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ჩვენ მივესალმებით კოალიციურ მმართველობას, თანამშრომლობას კოალიციურ ველზე, თუმცა როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს კოალიციაზე, ევროპული ტიპის მმართველობაზე, მას პირველ რიგში უნდა გაახსენდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ ევროპული ტიპის დემოკრატიებში, არ არსებობს პოლიტიკური დევნა. ყოფილი პრეზიდენტები არ არიან შეთითხნილი ბრალდებით ციხეში, ამიტომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ევროპულ მომავალზე და მთავარი ოპოზიციონერი არჩევნების წინ გამოუშვას ციხიდან. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, კოალიციური მმართველობისთვის და დემოკრატიული, ევროპული ტიპის მმართველობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.