ირაკლი ფავლენიშვილი - გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება მოულოდნელი არ არის
გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილი გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებას, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს
„არც ის იქნება გასაკვირი, რომ დასჯა მუფრო მკაცრი მეთოდებით, თვალების დათხრით მოითხოვონ ამ ადამიანებმა. მით უმეტეს ადამიანური თვალსაზრისით, პატიმრის დაბადების დღეზე საქართველოში პატიმრის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში, რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები კრემლის ბრძანებას ასრულებენ ხოლმე პატრიოტების წინააღმდეგ, მათ შორის ახლაც რომ ჰქონდეთ საშუალება, შეიძლება თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს და დაასახიჩრონ კიდეც, რადგან ეს არის მათი ხელწერა – პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა. მათ თუ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ აქვს საქართველოში ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, რაც არის კრემლის მთავარი ინსტრუქცია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.