ირაკლი ჩიქოვანმა საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა
ირაკლი ჩიქოვანმა საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი; ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელია დისტანციური სწავლება, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებული არიან, გადავიდნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუ მათი ადგილზე წარდგენა არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

„აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი. ისინი დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. შესაძლებლობის ფარგლებში, დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვლება, ვიდრე არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.