ირაკლი ჩიქოვანმა იაპონიის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე. აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.