ირაკლი ჩიქოვანმა და გიორგი შენგელიამ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ შტაბში შედგა.
შეხვედრაზე საელჩოს წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„მმართველმა პარტიამ საელჩოს წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის იმ პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დღეებია მიმართავს“, – ნათქვამია „ქართული ოხნების“ საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, შტაბის ინფორმაციით, საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს.