ირაკლი ჩიქოვანი - ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ბოლო ათი წლის განმავლობაში არავის არაფერი გაუკეთებია ოპოზიციიდან, რომ სტატუსი მიგვეღო, ეს არის რეალობა
ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნის წინაშე და ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს გავდივართ ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ, რეალურად, არის ძალიან დიდი გამოწვევები და ამ გამოწვევების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ საკუთარ დღის წესრიგში რადიკალიზმი შემოიტანოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის განცხადებით, პირდაპირი იერიშის მიტანა ხდება იმ შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა იყოს მიღებული კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით.
„მცდელობა არის, გამიჯნონ კანდიდატის სტატუსი და თითქოს ეს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და არა – საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას. მგონია, რომ ეს არის უმძიმესი რეალობა, როდესაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს ადამიანები არიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობილები. მათ არ უნდათ არანაირი სიკეთე, გარდა იმ შემთხვევისა, თვითონ თუ არ იქნებიან პოლიტიკურ მმართველობაში. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში, როგორც ამას წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუსტად შეაფასა, არავის არაფერი გაუკეთებია ოპოზიციის მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, ევროპული ინტეგრაცია უფრო გაღრმავებულიყო, გარდა ხელისუფლებისა. ეს არის ობიექტური რეალობა. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ლოდად არის გამობმული რადიკალური ოპოზიცია ამ ინტეგრაციის პროცესზე, ეს არის ობიექტური რეალობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
დეპუტატის თქმით, სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან მოქცეულები რადიკალური ოპოზიციის გავლენის ქვეშ.
„ისინი საუბრობენ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ პოლიტიკური ზეწოლა მოხდეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე პირდაპირი იერიში მიაქვთ 2024 წლის არჩევნებზე. წარმოუდგენელია, ჩვენ ვისაუბროთ ისეთი ორგანიზაციების ობიექტურობაზე, რომელთა ხელმძღვანელებიც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა უთხრან, რომ ეს კანდიდატის სტატუსი არის სავაჭრო საკითხი. წარმოუდგენელია, ჩვენ ვისაუბროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ობიექტურობაზე, რომლებიც უკვე საუბრობენ, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ ზის, ეს, შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებისთვის პრობლემა იყოს. სრული უტიფრობაა, რომ ჩვენ დღეს გვეუბნებიან, თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი ჰქონდა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს ამ მიმართულებით, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ სინანულით მოიხსენია, რომ მაშინ, როდესაც გვაქვს ისტორიული გადაწყვეტილება და ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის დონე, ეს რაღაცნაირად გააქილიკა, გააკრიტიკა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, ვეძებთ სტრატეგიულ პარტნიორებს, თუმცა ოპოზიციაში არის ხალხი, რომელმაც პარტნიორობასა და ბატონობას შორის სხვაობა არ იცის. ეს არის ობიექტური რეალობა. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლას და, რა თქმა უნდა, ასევე გააგრძელებს ყველა მცდელობას, რომ შეიძინოს უფრო მეტი პარტნიორი, რათა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და დაიცვას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.