ირაკლი ჩიქოვანი - TANAP-ის პროექტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი
ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის (TANAP) რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს, როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, TANAP-ის გასზადენის პროექტის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შაჰდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში.
„დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო TANAP-ის პროექტის ინაუგურაციას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შაჰდენიზის საბადოებიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას აკისრია თავისი როლი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც აკავშირებს აზიას და ევროპას ერთმანეთთან და ამ პროექტის რეალიზაცია კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, როგორც ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.