ირაკლი ჩიქოვანი - სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მიღებული იყოს სენატში
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის და კიბერუსაფრთხოების დარგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია, მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ აღნიშნული აქტი იყოს მიღებული და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.
„ეს არის აქტი, რომელიც პირველია თავისი ბუნებით და მხოლოდ საქართველოს შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ყველასთვის ნიშანდობლივია, რომ ამ აქტზე მუშაობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია, მუშაობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ეს აქტი იქნეს მიღებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ამერიკის წარმომადგენელთა პალატას ამ გადაწყვეტილების გამო და, რა თქმა უნდა, ვხედავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
ჩიქოვანის შეფასებით, დოკუმენტი პირდაპირ მიუთითებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა.
„ამ აქტში არის პირდაპირ მითითებული, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არის უკანონო და ყველამ უნდა შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე იქნა მიღწეული მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტით, ყველა ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოხვდება სანქციების ქვეშ და ამერიკის შეერთებული შტატები ამას გაითვალისწინებს. რაც მთავარია, ასევე არის მნიშვნელოვანი მიმართვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, რომ დააჩქაროს საქართველოსთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ხაზგასმით არის ასევე აღნიშნული, რომ ეს მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და საშუალებას მისცემს, როგორც საქართველოს ეკონომიკას, განვითარდეს, ასევე კომპანიებს, ჰქონდეთ წვდომა კიდევ უფრო დიდ ბაზრებთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სენატშიც იყოს მიღებული.
„კანონში გაჟღერებულია ყველა საკითხი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო,რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს აქტი მიღებული იქნას სენატში. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ხაზი უნდა გაესვას არის, რომ ამ აქტს მოწინააღმდეგე არ ჰყავს. ეს არის აქტი, რომელიც როგორც რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, ასევე დემოკრატიული პარტიის მხრიდან სარგებლობს სრული მხარდაჭერით.
ასევე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოხატავს მადლიერებას ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის მიმართ ამ აქტის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.