ირაკლი ჩიქოვანი - შინდისის გმირების სახელები საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა, ასეთი ვაჟკაცების გმირობაზე, თავდადებასა და სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი ქვეყნის სიძლიერე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის წევრებსა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შინდისის გმირების სახელები საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა და დაუვიწყარი იქნება ქვეყნის მომავალი თაობებისთვის.
„დღეს, 11 აგვისტოს ვიხსენებთ შინდისში გმირულად დაღუპულ მებრძოლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, მთავრობის წევრებსა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, პატივი მივაგე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას. დავესწარით გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გადაიხადა. მქონდა პატივი, გავსაუბრებოდი შინდისში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს და მადლობა გადამეხადა გმირი შვილების აღზრდისთვის.
ეს დღე, ზოგადად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, არის უმძიმესი საქართველოს ისტორიაში. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე, თავდადება და გმირობა. შინდისის გმირების სახელები საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა და დაუვიწყარი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობებისთვის. ასეთი ვაჟკაცების, ასეთი ჯარისკაცების გმირობაზე, თავდადებასა და სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე და სიძლიერე.
საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქედს ვიხრი სამშობლოსთვის მებრძოლი და თავდადებული გმირების ხსოვნის წინაშე. დიდება გმირებს!“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.