ირაკლი ჩიქოვანი - შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა
სამწუხაროდ, ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების იმ ფაზაში, რომელიც მიანიშნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ და ჩვენი სამედიცინო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანად, მაგრამ არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ისეთი ფაქტებიც, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისათვის.
აუცილებელია, დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომლებიც არის გამოყენებული და რომლებიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის, დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება, თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობა არ არის.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. თითოეულ სამინისტროს, საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შესაძლებელია, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
მთავრობის ადმინისტრაციიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ბრიფინგების საერთო სიგნალის ტელევიზიებისთვის მიწოდებას დღეიდან საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.