ირაკლი ჩიქოვანი - შეუძლებელია, ევროპარლამენტი საუბრობდეს დამნაშავეებზე, როგორც საზოგადო მოღვაწეებზე ან კიდევ დამსახურებულ პოლიტიკოსებზე
შეუძლებელია, ევროპარლამენტი საუბრობდეს დამნაშავეებზე, როგორც საზოგადო მოღვაწეებზე ან კიდევ დამსახურებულ პოლიტიკოსებზე, ეს ეხება როგორც კეზერაშვილს, ასევე სააკაშვილს და სხვა ფიგურებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტები, რომელიც მოყვანილია და საფუძვლად ედო რეზოლუციებს, აბსოლუტურად არასწორია.
„ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით იმას, რომ კეზერაშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დამნაშავე ლიდერები არიან რაიმე ფორმით დაინტერესებული საქართველოს დემოკრატიით ან საქართველოს სახელმწიფოს განვითარებით. ისინი არიან ხელისუფლებას მოწყურებული დამნაშავეები.
ევროპარლამენტთან მიმართებაში, როგორც აქამდე გვქონდა საუბარი, იმავე პოზიციას გავაგრძლებთ, რადგან ჩვენს მხარესაა სიმართლე. სიმართლე გულისხმობს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. შესაძლებელია თუ არა, შეიცვალოს რიტორიკა ევროპარლამენტის მხრიდან? ამას ვერ ვეტყვით. მგონია, რომ ევროპარლამენტში კონკრეტული პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთ რიტორიკას აფუძნებენ მათთან პოლიტიკურად აფილირებულებსა და პოლიტიკურ სიმპატიებზე. შესაძლებელია, რომ ისინი მორიგ ჯერზე ამ ყველაფრის გამართლებას შეეცადონ, მაგრამ ამას ქართულ საზოგადოებაში არანაირი შედეგი არ ექნება. ამას ნეგატიური შედეგი ვერ ექნება საქართველოს ევროინტეგრაციაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.