ირაკლი ჩიქოვანი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას მივიღებთ, როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
პრემიერის პრესსპიკერის თქმით, „კოვიდ-19“ არის ისეთი მოვლენა, რომელთანაც მთელ მსოფლიოს ცხოვრების წესის ადაპტირება უწევს.
„ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიუხედავად, ღონისძიებების შემსუბუქების რომელი ეტაპი იქნება, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.