ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოში პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია და ექსტრემიზმია, რასაც კონკრეტული ოპოზიციური ძალები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ტროიკა“ ეწევიან
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში ნათლად ასახულია, რომ საქართველოს დიდი პროგრესი აქვს მიღწეული, მათ შორის ევროსაბჭოს მხარდაჭერით, თუმცა იქ მოყვანილი განცხადებები გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგოა, მათ შორის სხვა რეკომენდაციებთან, რომლებიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ურთიერთგამომრიცხავი რეკომენდაციები იძლევა.
„დეოლოგარქიზაციასთან დაკავშირებით როდესაც იყო საუბარი, ჩვენ მივიღეთ რეკომენდაცია ევროკომისიისგან, ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობა და მაგალითი არსებობდა უკრაინაში დღეს მოქმედი კანონი. შესაბამისად, ეს კანონი ავიღეთ სახელმძღვანელოდ. ვენეციის კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ორი მოდგომა – როგორც სისტემური, ისე პერსონალიზებული. ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი, თუმცა ვენეციის კომისიას არ გამოურიცხავს ამ კანონპროექტის კანონად ქცევა. სამწუხაროა, რომ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი რეკომენდაციები იძლევა. ეს საზოგადოებისთვის დამაბნეველია. ყველაფერს როდესაც ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად იყოს შესრულებული 12 რეკომენდაცია, ასეთი რეკომენდაციები ხშირ შემთხვევაში ბევრ უსაფუძვლო შეკითხვას აჩენს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანმა შეაფასა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადების ის ნაწილიც, სადაც პოლარიზაციაზეა საუბარი.
„პოლარიზაცია კვლავაც გამოწვევადაა მიჩნეული. საქართველოში პრობლემა პოლარიზაცია კი არ არის, პრობლემაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, რასაც ეწევიან კონკრეტული ოპოზიციური ძალები. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ტროიკა“ და მათზე აყოლილი მედიასაშუალებები. ევროკავშირის რეკომენდაციებთან მიმართებით ერთიანი პოზიციის მისაღწევად ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ და სწრაფად იყო შეთავაზებული სამუშაო ჯგუფებიც და თანამონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში. ყველამ კარგად დაინახა, რომ არც სამუშაო ჯგუფებში, არც კანონმდებლობის განხილვაში ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას, რადიკალურ ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ, „ტროიკამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროინტეგრაციის პროცესი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ გამოიყენოს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა მოქმედება თუ უმოქმედობა მიმართულია არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სააკაშვილს უნდა მოუწოდოს ყველამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ თვითდაზიანება შეწყვიტოს.
„მომხსენებლები საუბრობენ, რომ აუცილებელია, მაქსიმალურად თავი ავარიდოთ და არ იყოს მიხეილ სააკაშვილის საკითხის პოლიტიზება, მაგრამ, როგორც ვხედავთ, რაც სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობა“, მათი პოლიტიკური პარტნიორები და მათთან ასოცირებული მედიასაშუალებები ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ საკითხის პოლიტიზება მოახდინონ. გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე „ევროპის სახალხო პარტიის“ მეოხებით იყო მიღებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციაში იქნა შეყვანილი, ესეც ამ საკითხის პოლიტიზების საფუძველი იყო.
სამწუხაროდ, გარკვეულწილად ორმაგი სტანდარტი არსებობს, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბევრი ადამიანი ამ პოზიციას არ იზიარებს. სააკაშვილის საკითხის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს ისე, რომ მისმა პარტიამ, პოლიტიკურმა პარტნიორებმა, მისმა საერთაშორისო პარტნიორებმა და მისმა ოჯახმა – ყველამ უნდა მოუწოდოს ამ ადამიანს, რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება და ექიმების რეკომენდაციას დაემორჩილოს. ეს იქნება მთავარი და უმნიშვნელოვანესი, რომ მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.