ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კვლავაც გააგრძელებს განვითარებას
თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის კვლავაც გააგრძელებს განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა კვლავაც გააგრძელებს განვითარებას. ჩვენ გვაქვს დიდი და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, ამ დღის წესრიგის ნაწილია ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, ის საერთო პროექტები, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც კი ცხადყოფს, თუ რაოდენ ფართოა სპექტრი იმ საკითხებისა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ სამუშაო შეხვედრა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შედგა, იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ორიენტებული და თითოეულ თემატიკასთან მიმართებაში ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს აქვთ რწმენა, რომ ამგვარი თანამშრომლობით, კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა შეგვიძლია, რამაც უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობა უნდა მოგვიტანოს. რაც შეეხება საკითხებს, იყო ფართო სპექტრი, გამოწვევებიც, მათ შორის ის თანამედროვე და კონკრეტული გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს წინაშე დგას, ვისაუბრეთ ამაზეც. როგორც იცით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, არაფორმალურ ვითარებაში გააგრძელონ პრემიერებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქროვანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები უკვე გამართა, ასევე იგეგმება სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.