ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს მთავრობა მიესალმება აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობი რეზოლუციის წარდგენას
ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს მთავრობა მიესალმება აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობი რეზოლუციის წარდგენას

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კონგრესში ასეთი რეზოლუციის ინიცირება მოხდა, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობი რეზოლუციის მომზადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ კონგრესი ახალი შეკრებილია.

„ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული თანმიმდევრობა გრძელდება და მას აქვს აბსოლუტურად მრავალმხრივი გამოვლინება. ჩვენი პარტნიორობა კვლავაც გაგრძელდება. საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი მეგობრები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. ყველა აღიარება, რომელიც არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების აბსოლუტური ფუნდამენტური დარღვევაა. საზოგადოება და მსოფლიო ამას არასდროს შეეგუება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია მოზადდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას. „ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (client state) – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას“ – აღნიშნულია რეზოლუციაში.