ირაკლი ჩიქოვანი - სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია
ხვალიდან აღარ იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია, რათა უზრუნველვყოთ ქვეყანაში Covid-19-ის გამკლავების პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„საზოგადოებას მინდა მადლობა გადავუხადო, რომ მათ შეძლეს თვეების განმავლობაში მაქსიმალურად დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. იყო ცალკეული გამონაკლისები, თუმცა საერთო ჯამში, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, იმ შეზღუდვების პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ძალაში დარჩება, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, შევეგუოთ ამ რეალობას. არის ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა მაგალითად სოციალური დისტანცია; არის ახალი რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესების წარმოებისათვის, სპეციალური რეგულაციების დაცვა, თუნდაც მაგალითისთვის პირბადეები, სპეციალური სამუშაო წესები და ა.შ. ასევე, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის პერიოდი, რა პერიოდიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ შეზღუდვები დარჩეს ძალაში, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.