ირაკლი ჩიქოვანი - რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა, არის სავალდებულო
ირაკლი ჩიქოვანი - რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა, არის სავალდებულო

სამწუხაროდ, როგორც ვიცით, ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ ვირუსის ფონზე დამატებითი სარგებელი და შემოსავალი ნახონ, მაგრამ ასეთი ჯგუფი არის მცირე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, სახელმწიფოსა და საზოგადოებას გვერდში დაუდგნენ.

„ამავდროულად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან მზად გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას, რათა საზოგადოებრივი სიკეთე მივიღოთ ყველამ ერთად. ძალიან ბევრი ბიზნესი გამოეხმაურა ამ ვითარებას და შესაბამისად, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ საკუთარი შესაძლებლობები, სერვისები დაახმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე საზოგადოებას.

შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რითი არიან მზად მოხალისეობრივად გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამის კოორდინაციას მოახდენს ბიზნესომბუდსმენი ბატონი მიხეილ დაუშვილი, და ვთვლით, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყება“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები კაფე-ბარების, რესტორნებისა და სხვადასხვა დარბაზების შეზღუდვაზე.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიეწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, რომელიც ადრე იქნა გაცემული და დაკავშირებულია კონკრეტულად ბარების, რესტორნების, კაფეებისა და სხვადასხვა დარბაზების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები და ალბათ ყველამ დაინახა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომ ასეთი აკრძალვები უკვე ამოქმედდა და ეს რეკომენდაციები უკვე მოქმედებს. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ მაინც გამონაკლისები, რომლებმაც ვერ შეძლეს ადეკვატურად აღექვათ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გაცემული“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, რეკომენდაციები, რომელსაც იძლევა სახელმწიფო და მთავრობა, არის სავალდებულო.

„ეს რეკომენდაცია არის იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება. ყველას კარგად გვესმის, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს და რაც არ უნდა ბერკეტი აამოქმედოს სახელმწიფომ, თუ არ იქნა საზოგადოებრივი თანამონაწილეობა, ეს გადაწყვეტილებები შედეგს ვერ გამოიტანს. კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი თავყრილობებისგან, რომლის ჩატარებაც აუცილებელი არ არის. შესაბამისად, ამ რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფო კიდევ უფრო გააკონტროლებს“,- განაცხადა ჩიქოვანმა.