ირაკლი ჩიქოვანი - რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია ზუგდიდელებისთვის
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი.
ირაკლი ჩიქოვანი მომხდარს ამაზრზენს და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.
„რაც ზუგდიდში მოხდა, არის ამაზრზენი და უტიფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესის წარმოება ყველას თავისუფლად და მშვიდად შეუძლია. მათ შეუძლიათ, მიმართონ პოლიციასაც, საკრებულოსაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც. ამაში ხელს არავინ უშლით. მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან უნდათ, გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს აქ არ გაუვა. ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა. დაიღალა ეს ქალაქი იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი ზუგდიდის საკრებულოში მომხდარს პროვოკაციულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საკრებულოში წერილის შეტანას ერთი ადამიანი სჭირდებოდა და არა 200 აქტივისტი, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.
„ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცველი ორგანოებისთვის. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა. ასევე მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და პირდაპირ ვეუბნები მათ, რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს პროვოკაციები, რომლებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, გამოიჩინეთ სიმშვიდე. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ სამართალდამცველებს. მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა, რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში, 19 მაისს ეს ყველაფერი დამთავრდება“, – განაცხადა ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას ირაკლი ჩიქოვანმა.