ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განთავსდება
ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად გამოქვეყნდება stopcov.ge-ზე და ყველა ჩვენს მოქალაქეს სრული ინფორმაცია ექნება, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, მას შემდეგ, საკოორდინაციო საბჭომ მუშაობა დაიწყო, საზოგადოებას პროაქტიულად აცნობს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რომელიც „კოვიდ 19“-ის გავრცელებას და იმ შეზღუდვებს ეხება, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.
„საზოგადოებას ასევე ვაწვდით სტატისტიკას, რაც გულისხმობს, როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ასევე იმ მდგომარეობას, თუ რა დახმარებას უწევს სახელმწიფო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან. ამ ყველაფრის ერთობლივად მიწოდების მიზნით, ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად გამოქვეყნდება stopcov.ge-ზე და ყველა ჩვენს მოქალაქეს სრული ინფორმაცია ექნება, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. პროაქტიური ინფორმირებულობის მიზნით, სახელმწიფოს შექმნილი აქვს ტელეგრამ არხი, რომლის გამოწერის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ რეჟიმში ყველა განახლებული ინფორმაცია მიიღოთ, რაც უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეპიდემიის თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.