ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობა არ იქნება, ქართული საზოგადოება ყველაფერს პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყო და კარგად გვესმის, რომ ის მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ უდგას, არაერთხელ იქნება გამოყენებული რადიკალური პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. არიან რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ამ ფორმით შეიცვალოს ხელისუფლება, ვინაიდან, რეალურად, საარჩევნო პირობებში მათ ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები ჩვენი საერთაშორისო რეალური პარტნიორები იყვნენ, რომლებსაც არაერთხელ შეუწყვიათ ხელი ამ ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაგრამ ის კადრები, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ნამდვილად არ ჯდება თანამშრომლობის ფარგლებში, არ არის მისაღები და კიდევ უფრო მეტ სიცხადეს საჭიროებს.
ირაკლი ჩიქოვანმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მივიღოთ სტატუსი და აქ მართლაც უმთავრესი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და ხელისუფლება თავის გასაკეთებელს გააკეთებს, მაგრამ ,მეორე მხრივ, ოპოზიციასაც თავისი როლი აქვს და ამაზე არაერთხელ ყოფილა ჩვენი პარტნიორების განცხადებები. ამიტომ მოვუწოდებ მათ, რომ სერიოზულად მოეკიდონ ამ ვალდებულებას. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობა არ იქნება, იქნება დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა და ყველაფერს ქართული საზოგადოება პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.