ირაკლი ჩიქოვანი - პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს დამატებითი გეგმის განისაზღვრა დაავალა, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესსა და მოქალაქეებს, გაუმკლავდნენ  გამოწვევებს
ირაკლი ჩიქოვანი - პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს დამატებითი გეგმის განისაზღვრა დაავალა, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესსა და მოქალაქეებს, გაუმკლავდნენ გამოწვევებს

ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი, გარდა კვებისა და სურსათის სავაჭრო ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა, უნდა დაიხუროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, რომ დამატებით განისაზღვროს ახალი გეგმები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბიზნესსა და მოქალაქეებს, გაუმკლავდნენ კორონავირუსის გამოწვევებს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვებისა და სურსათის სავაჭრო ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკებისა. სხვა დანარჩენი საცალო ვაჭრობის ობიექტები უნდა იქნას დახურული.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრემიერ-მინისტრმა დაავალა ეკონომიკურ გუნდს, რომ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომლებიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში, დამატებით განისაზღვროს ახალი გეგმები და ახალი სტიმულირების პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ბიზნესსა და ჩვენს მოქალაქეებს, გაუმკლავდნენ კორონავირუსის გამოწვევებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.