ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ისტორიულ პიკში ვართ, გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც იზრდება თავსებადობა ალიანსთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც იზრდება ჩვენი თავსებადობა ნატო-სთან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელს ხომ არ შეუშლის ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობას.
„გულწრფელად გეტყვით, რომ ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ისტორიულ პიკში. თანამშრომლობის ისეთი მექანიზმები, რომლებიც საქართველოსა და ნატო-ს აქვთ, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს. ჩვენი თანამშრომლობა გამოხატულია კონკრეტულ საერთო წვრთნებში, ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ამიტომ აქ საერთოდ არ უნდა არსებობდეს შეკითხვა. საქართველოს თავდაცვის ძალებს, სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით და რომლითაც ჩვენი ურთიერთთავსებადობა იზრდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.