ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ალიანსის წევრები უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც საქართველოშია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებები ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ს მხრიდან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ჩვენ შეხვედრები გვაქვს ნატო-ს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა. გენერალური მდივნის განცხადებები ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ს მხრიდან და ასევე, ცხადყოფს იმ შედეგებს, რომლებიც საქართველოს აქვს ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
მეორე მხრივ, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გენერალურ მდივანთან, სადაც ასევე ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც ნატო-სთან გაგვაჩნია და, რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გასცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატო-სთვის, საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი, რათა რაც შეიძლება დაუვუახლოვდეთ ნატო-ს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ჟურნალისტებმა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს აქვე კითხვა დაუსვეს ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით.
„მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. ჯერ ადრეა საუბარი დეტალებთან მიმართებით, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სამიტი, რომელიც საიუბილეო სამიტია, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც აქვთ საქართველოსა და ნატო-ს, ალბათ ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ალბათ ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.