ირაკლი ჩიქოვანი -„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო თავი აერიდებინა აგვისტოს ომისთვის, დღეს რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ომის ქარცეცხლში ვიქნებოდით გახვეული
ჩვენ დავინახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო თავი აერიდებინა იმ ესკალაციისთვის, ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რომ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
„„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ბუნება კარგად დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ აგვისტოს ომთან მიმართებაში. ჩვენ დავინახეთ, რომ ვერ შეძლეს თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ომის არიდება, დღეს ნათელია. დღეს რომ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარცეცხლში გახვეული. დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთის მხრივ, და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მშვიდობა, რომელიც განვითარების შესაძლებლობის შექმნაა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ დაიწყო თუ არა 2008 წლის ომი, საკითხზე ყველას უნდა ჰქონდეს ერთი პოზიცია, თუმცა საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგანია როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, ისე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დაქვემდებარებული მედიასაშუალებებისთვის.
„ამასთან დაკავშირებით მესმოდა, პრაქტიკულად, დებატი პარლამენტის თავმჯდომარესთან. ომი დაიწყო ათწლეულების წინ. დღეს, რეალურად, ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას, რომელ ოკუპაციასთანაც ყველას უნდა ჰქონდეს ერთი პოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგანია როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, ისე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დაქვემდებარებული მედიასაშუალებებისთვის“, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.