ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის
ირაკლი ჩიქოვანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თითიდან გამოწოვილი მიზეზით შეეცადნენ, დესტრუქცია შეეტანათ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში და შესაბამისად, შეექმნათ პრობლემები საარჩევნო პროცესისთვის.

„მინდა, მოგმართოთ ზუგდიდის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „რუსთავი 2“-ს, თუმცა არ აქვეყნებენ. აქ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ „რუთავი 2“-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ის საუბრობს 2020 წლის არჩევნებისთვის განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომელიც უკავშირდება საოლქო საარჩევნო კომისიას. ისინი თითიდან გამოწოვილი მიზეზით შეეცადნენ, დესტრუქცია შეეტანათ ამ კომისიის მუშაობაში და შესაბამისად, შეექმნათ პრობლემები საარჩევნო პროცესისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის თქმით, ზუგდიდში ჩასული ადამიანები ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად იქცევიან. ის მოუწოდებს მათ, სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ზუგდიდში ჩამოდის 5 ათასი დამკვირვებელი. დაახლოებით 3 ათასი სხვადასხვა საფარქვეშ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებში. ნათელია, რომ ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ზუგდიდთან მიმართებაში, შესაძლოა იყოს სერიოზული პრობლემა, რისთვისაც ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხარო ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოსული არიან ჩვენს ქალაქში, იქცევიან ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მოვუწოდებ მათ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. არჩევნებისა და არჩევნების ბატალიების მიუხედევად, იმოქმედონ ყველა იმ პროცედურების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს და გაწერილია საქართველოს კანონში. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მშვიდი არჩევნები არ სურს, ამას თითოეული თქვენგანი კარგად ამჩნევს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს და აქტივისტებს, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა პროვოკაციას და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცველებს. ჩვენ ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები. ზუგდიდელებმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ავირჩიოთ ჩვენი მერი. მათგან განსხვავებით, თქვენ კარგად ხედავთ, რომ გვქონდა შინაარსიანი კამპანია, რომელიც ზუგდიდელებზე იყო ორიენტირებული და არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი აგრესიაზე, არც იმაზე, რომ რაიმე ფორმით ვინმეს შეშლოდა ხელი. მივმართავ კიდევ ერთხელ ყველას, მშვიდად გავიაროთ შემდეგი ორი დღე და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ჩვენს არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.