ირაკლი ჩიქოვანი - მომავალში ზუგდიდს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც ქალაქს უკან დახევს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილსა და ზუგდიდის ბევრ სხვა სტუმარს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვს, რა ხდება ქალაქში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომელიც უდუმაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხელს უშლიან.
„სამეგრელო მიჩვეულია, რომ ადამიანები აქ ურთიერთობენ პატივისცემითა და სიყვარულით, რა თქმა უნდა, პატივს სცემენ კანონს და ასეც გაგრძელდება. ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, რომ მთლიანად საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი და მაქსიმალურად დაიძაბოს მათი მხრიდან საარჩევნო გარემო. ჩვენი მიზანი კი, არის ზუგდიდლებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, რაც აქვს ქალაქს. ვხედავთ, რომ ქალაქმა გამოიღვიძა და აქ ახალი შესაძლებლობები იქმნება. მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც რამდენიმე წლით კვლავ უკან დახევს ზუგდიდს“, – განაცხადა ჩიქოვნამა.
ამასთან, მისი თქმით, ყველა კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
რაც შეეხება სოფელ გრიგოლიშში მომხდარ ფაქტს, ჩიქოვანის თქმით, ეს იყო საყოფაცხოვრებო კონფლიქტი.
„დაზარალებული ნამდვილად ჩვენი აქტივისტია, გვაქვს მუდმივი კონტაქტი მედიკოსებთან და პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. შესაძლო დამნაშავე კი, ძალიან მალე მიეცემა პასუხისგებაში. მასზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაძლოა, ჩვენი მომხრე იყოს, თუმცა ჩვენ უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს მათ კანონის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაჭრილ ალიკა ლაგვილავასა და ბეჟან გვაზავას, რომელმაც მას ესროლა, წლებია, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, გვაზავა გრიგოლიშის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი.