ირაკლი ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის
პრემიერ-მინისტრის და ასევე ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება. მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა საკითხი, რომლებზეც არსებობს განსხვავებული პოზიციები, უნდა შეჯერდეს და, საბოლოო ჯამში, დაახლოვდეს.
„ამის შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და ამის მოლოდინიც გვაქვს. რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკავშირდება, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისგან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების გადადებას და, მეორე მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსების ხელმისაწვდომობას, ეს საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წვრთნები და, განსაკუთრებით, საერთაშორისო წვრთნები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ატარებენ კონკრეტულ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, აშშ-ისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. ეს წვრთნები ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, გამოცდილებას აძლევს სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე საშუალებას იძლევა, რომ თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღესაც აქვს საქართველოს აშშ-თან ძალიან ბევრი ფორმატი, რომელშიც აქვს თანამშრომლობა.
„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვთ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე, ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის. რაც შეეხება ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც იქნება გადახედილი, ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტარული იარაღის საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს კითხვა დაუსვეს გერმანიის ელჩის განცხადებაზეც, რომელმაც გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.
„მგონი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მარტივი არითმეტიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები, რომლებიც აქვს საქართველოს და აქვთ ასევე ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსაც, რადგან ამოცანები, მიზნები და გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იყო ერთობლივი გამოწვევები, ამოცანები და მიზნები. შესაბამისად, შედეგებიც ურთიერთსასარგებლო იყო“, – აღნიშნა მინისტრმა.