საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, განხილვები, რომლებიც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიუსელსა და სტოკჰოლმში გაიმართება, უფრო ტექნიკური ხასიათის იქნება, თუმცა მასაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.
„მთავარი გადაწყვეტილება მიღებული იქნება დაახლოებით ოქტომბერში და ამის შემდეგ ცნობილი იქნება გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ეროპულმა საბჭომ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განხილვები, რომლებიც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება, იქნება უფრო ტექნიკური ხასიათის და ზედაპირული, თუმცა მასაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რადგან ეს არის გარკვეული ეტაპი, რომელზეც ჩვენ გვექნება კონცენტრირება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მოხსენება არ იქნება საჯარო. გასაგებია, რომ ამ ყველაფრის რაღაც ელემენტები გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ არის რაიმე სახის მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ადრე გვინახავს ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აქვთ მაღალი მოლოდინი, რომ პროგრესი შეფასებული იქნება.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, მივიღეთ კანონები, კონკრეტული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ერთობლიობაში ძალიან კარგად ვხვდებით ამ შეფასებას. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაცია. ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულ სახელმწიფოს, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ბევრი ექნება გასაკეთებელი, რათა უზრუნველყოს ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრა და ჰარმონიზაცია საკუთარი კანონმდებლობის, ბევრი სხვა რეგულაციის, ასევე ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის, როგორც ადამიანის უფლებების, აგრეთვე კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.
ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ პროგრესი იქნება შეფასებული, თუმცა იქნება საკითხი, რომელთან მიმართებით ჩვენ არ გვექნება პროგრესი. ეს არის დეპოლარიზაცია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე იდგა სახელმწიფო, კარგად ვნახეთ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია სხვას არაფერს აკეთებდა, გარდა იმისა, რომ ხელი შეეშალა ამ ყველაფრის შესრულებისთვის. მეორე მხრივ, არ ტოვებდა ევროპულ კორიდორებს და არწმუნებდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ასე რომ, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს. ჩვენთვის მკაფიო კურსია ევროკავშირში გაგწევრიანება. გვესმის, რომ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის განმარტებით, ევროპელ პარტნიორებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. ამავდროულად, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
„მაღალი დონის შეხვედრები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ჩვენი კოლეგებიც, პარლამენტარებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საპარლამენტო დიპლომატიის თვალსაზრისით, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია, გაცილებით წინ არის რეფორმების თვალსაზრისით ტრიოს სახელმწიფოებთან მიმართებით, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის სტატუსს აძლევდა ორ სახელმწიფოს და საქართველოს აძლევდა ევროპულ პერსპექტივას. ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ აქ მხოლოდ რეკომენდაციების შესრულებაზე არ არის საუბარი, ან მხოლოდ ასოცირების დღის წესრგის, თუნდაც მანამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების უზრუნველყოფასთან არ გვაქვს საქმე.
ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმედს ვიტოვებ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, სტრატეგიული პასუხი იმ საშინაო ვითარებაზე, რომელიც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომით, ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება და იმედს ვიტოვებთ, ეს რეაგირება იქნება. ეს გადაწყვეტილება სჭირდება არა მარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირსაც, რადგან საქართველო ხელცარიელი არ მიდის ევროკავშირში. საქართველოს მოაქვს მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, ევროკავშირის ღირებულებების განმტკიცება უკიდურეს ევროპულ აღმოსავლეთში, რაც მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობა მთლიანად კავკასიაში. მგონია, რომ პრემიერ-მინისტრმა ზუსტი შეფასება მისცა, რადგან ყველაზე უკეთ იცის, რა სამუშაო იქნა გაწეული აღმასრულებელი ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკური გუნდის მხრიდან. მასაც არაერთი შეხვედრა ჰქონია, სადაც ის საუბრობდა ამ საკითხებზე და ადვოკატირებდა იმას, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, საქართველო რეფორმებს გააგრძელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, არცერთმა ევროპულმა სახელმწიფომ და არცერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა საქართველოსთან მიმართებით საკუთარი გადაწყვეტილებები არ დააყრდნოს რაღაც აღქმებს, არამედ დააყრდნოს რეალურ ფაქტებს, რადგან, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამ აღქმების შექმნაში მონაწილეობს ბევრი შავი ფული, ბევრი კრიმინალური ფული. ამის ნათელი გამოვლინებაა თუნდაც ის ლობისტური კონტრაქტები, რომლებიც აქვს სააკაშვილის ოჯახს, კეზერაშვილს, „ფორმულას“ და ა.შ. ძალიან დიდი რესურსი მოქმედებს, რათა საქართველომ არ მიიღოს სტატუსი. ამიტომ ნურავინ დაეყრდნობა დეზინფორმაციას, ჩვენ მზად ვართ, კონკრეტული ფაქტებით გამყარებული წარვდგეთ ჩვენი ეროპელი პარტიორების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ჩოქოვანმა, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
„კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტა ევროპის საბჭოს უშუალო პრეროგატივა არ არის, მაგრამ ბევრი ევროპელი კოლეგა გვესაუბრება, ყველა გვიზიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა, სამწუხაროდ, არიან უკრაინელი კოლეგებიც, რომლებსაც აქვთ გარკვეულწილად დესტრუქციული პოზიციაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, არ ვიცი, ეს პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარეა ქალბატონ იასკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, თუ – ანუ, ასეთი რაღაცებიც არსებობს, მაგრამ არსებითად არსებობს იმის შეგრძნება და გააზრება, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა შარშან მიღებული, შეიძლება იყო ნაკლოვანი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გაჟღერდა ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით და დავინახეთ, რომ სააკაშვილმა რაც გააკეთა, იყო ფარსი, უნიჭო დადგმა, უნიჭო პროდუსერებით, რეჟისორებით და შემსრულებლით. დაგვანახა, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა, მოეხდინათ საკუთარი სახელმწიფოს დისკრედიტაცია და შეცდომაში შეეყვანათ ეროპელი კოლეგები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გვაქვს და, რა თქმა უნდა, ამასაც თვალყურს ადევნებენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.