ირაკლი ჩიქოვანი - მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიზანია, შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სუამ-ის სახელმწიფოებმა ერთმანეთში თავისუფლად ივაჭრონ
სუამ-ის სახელმწიფოები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა გამოიხატება არამარტო სუამ-ის ფორმატში, არამედ მრავალმხრივ ურთიერთობებში და ამ სახელმწიფოების ორმხრივ ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებთან, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა კიევში სუამ-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების სამიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის პირველ დღეს გიორგი გახარია დაესწრო სუამ-ის პრემიერ-მინისტრების მნიშვნელოვან შეხვედრას, სადაც განისაზღვრა ორგანიზაციის სამომავლო გეგმები.
„მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიები. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, სუამ-ის ქვეყნებს აქვთ მიზანი, შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ამ სახელმწიფოებმა თავისუფლად ივაჭრონ ერთმანეთში. საქართველოსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობით სარგებლობს ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერა მთავრობის მეთაურების ერთობლივ დეკლარაციას.
„ამ დეკლარაციაში არის ასახული ის საერთო მიზნები, რომლებიც სუამ-ს გააჩნია შემდეგი ერთი წლის განმავლობაში და ხაზი მინდა, გავუსვა, რომ რა თქმა უნდა, საუბარი არის იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც სახელმწიფოებს აქვთ უსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ამ პრობლემების გამკლავებასთან. სუამ-ის სახელმწიფოები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ მხარდაჭერისათვის. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა გამოიხატება არამარტო სუამ-ის ფორმატში, არამედ მრავალმხრივ ურთიერთობებში და ამ სახელმწიფოების ორმხრივ ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებთან. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, როგორც არაღიარების პოლიტიკის მონაპოვარი და ასევე თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოხატულება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.