ირაკლი ჩიქოვანი - მაშინ, როდესაც გვიკიჟინებენ, რომ მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია სააკაშვილის საკითხით, ვხედავთ, რომ ეს არის მარტივი დაკვეთა, რომელშიც კონკრეტული თანხაა გადახდილი
ყოველ ჯერზე, როდესაც გარკვეული საერთაშორისო მედიის ყურადღება ექცეოდა მიხეილ სააკაშვილის საქმეს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს დაგეგმილი კამპანიის ნაწილია, რომელიც კარგად არის ორგანიზებული და გადახდილია კონკრეტული თანხა. ეს ყველაფერი დადასტურდა ამერიკის სახელმწიფო ორგანოს, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ლობისტურ კომპანიებს კონკრეტული შეხვედრები ჰქონდათ კონკრეტული ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და ეს კარგად ორგანიზებული კამპანიაა. ამასთან, ჩიქოვანის თქმით, რეალობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, მთელი პოლიტიკური აქტივობის პერიოდში დაკავებული იყვნენ ფლიდობით და საზოგადოების მოტყუებით და ამას ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აგრძელებენ.
„ცხადად ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც აქ გვიკიჟინებენ, მათ შორის ტელევიზიები, რომ მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია მიხეილ სააკაშვილის საკითხით და დაკავებული არიან ამ თემით, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის მარტივი დაკვეთა, რომელშიც კონკრეტული თანხაა გადახდილი. ეს ძალიან დიდი თანხაა, უკვე მილიონს აღწევს. ამას გარდა, ნიშანდობლივია, როდესაც ჩვენ გვასაღებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხით მაღალი დონის ადვოკატები არიან დაინტერესებული, მათ კვალიფიკაციაშიც არ შევალ. როგორც ვიცი, ისინი სხვა სფეროში არიან დაკავებული, მათ შორის უძრავი ქონების სფეროში. აღმოჩნდა, რომ ისინი არიან დაქირავებული ადვოკატები, რომლებიც კონკრეტულ მხარეს წარმოადგენენ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე განცხადებით, ლობისტური კონტრაქტის ფარგლებში ჩანს, რომ კონკრეტული ექიმებისთვის კონკრეტული თანხაა გადახდილი, რაშიც, მისივე თქმით, დანაშაულებრივი არაფერია, მაგრამ არსებობს ინტერესი, ეს საქმე კონკრეტული რაკურსით იქნას წარმოდგენილი.
„ვხედავთ, რომ იქ საუბარი იყო, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია და ანამნეზი მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩვენ თვალი მივადევნეთ სასამართლო გარჩევებს, ექიმი არ ვარ, მაგრამ ვერ დავინახე, რომ სააკაშვილის გუნდს ისეთი კონკრეტული დაავადება გამოეტანა, რომლის მკურნალობაც შეუძლებელი იყო იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც იმყოფება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.