ირაკლი ჩიქოვანი - მარნეულსა და ბოლნისში თანამოქალაქეები მშვიდად ხვდებიან არსებულ ვითარებას, მინდა, მთავრობის სახელით მათ მადლობა გადავუხადო
საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსი 73 ადამიანს დაუფიქსირდა. აქედან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია, 258 სტაციონარში იმყოფება ზედამხედველობის ქვეშ, 4000-ზე მეტი კი, საკარანტინო რეჟიმში, – აღნიშნული მონაცემების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა.
ამასთან, მისი თქმით, მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო რეჟიმი ჯერ მხოლოდ 48 საათია, გამოცხადებულია.
„თავდაპირველად იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა ეს ყველაფერი დღეს აღმოფხვრილია. ძალიან ეფექტიანად იმუშავეს როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა. სრულად უზრუნველყოფილია იზოლაცია, ასევე მოქალაქეები და საზოგადოება სრულად ინფორმირებული არიან. სიტუაცია ორივე რაიონში არის მშვიდი, თანამოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც არის მარნეულსა და ბოლნისში. მინდა, მთავრობის სახელით მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ეს ზომები და შეზღუდვები აუცილებელია თითოეული მათგანისთვის, მთლიანად მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ამასთან, უკვე დაიწყო შემოწმება. 20 ათასი მოქალაქიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე.
„ინფორმირებასთან ერთად, ორივე რაიონის შემოწმება დავიწყეთ, დღეს უკვე ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, მათ უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უტარდებათ სამედიცინო ღონისძიებები. 20 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, საიდანაც საყურადღებო იყო მხოლოდ ორი, რომლებიც მოთავსებული არიან საავადმყოფოში, მარნეულში. თუმცა, ამ ვითარებითაც არის დადებითი მდგომარეობა.
საზოგადოებაში არის სრული გაგება ამ ვითარების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.