ირაკლი ჩიქოვანი - გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ზუგდიდში არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.
„დიდი მადლობა ყველა იმ ზუგდიდელს, რომელმაც მხარი დამიჭირა და მოგვცა მათი წარმოდგენის მანდატი. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა. ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, ვიყო მთლიანად ზუგდიდისა და ზუგდიდელების კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში, ჩემთვის ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან საკუთარი მუშაობის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„პრიორიტეტები გახლავთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის განვითარებას და ხელი შევუწყოთ ჩვენს დევნილ ოჯახებს; აღმოვფხვრათ მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის პრობლემა; უნდა გავზარდოთ ზუგდიდის ტურისტული პოტენციალი. ამ პრიორიტეტების განხორციელება შეუძლებელი იქნება ჩვენი გუნდის გარეშე და „ქართულ ოცნებას“ აქვს გეგმა, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ამ ყველაფერში უმთავრესია, „ქართული ოცნების“ მიერ დასახული მიზანი, რომ 2024 წელს ჩვენ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ვთვლი, რომ ეს მოითხოვს თითოეული პარლამენტარისა და საქართველოს მოქალაქის ძალისხმევას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან არჩევნების მეორე ტურში დაბალ აქტივობასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციის ე.წ. ბოიკოტს ჰქონდა თავისი ეფექტი. მისივე თქმით, გარკვეული ეფექტიც ჰქონდა პანდემიით გამოწვეულ ვითარებასაც.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა არასამთავრობოების განცხადებაზე, რომელთა თქმითაც, უბნებზე კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების მობილიზება შეინიშნებოდა.
„ძალიან გულისყურით ვადევნებდი თვალს ყველა განცხადებას, რომელიც ზუგდიდში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კეთდებოდა, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად ჩვენ საქმე გვაქვს გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან, რომელიც არ ეყრდნობა არც ერთ კონკრეტულ ფაქტს და ინფორმაციასთან, რომელიც არის გავრცელებული, არ ვიცი, ვის მიერ, არ ვიცი, რისთვის. თუმცა მე ჩემი წარმოდგენები ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაქვს. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამ ინფორმაციას იმეორებენ ისე, რომ ეს ფაქტები არ არის გადამოწმებული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.