გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო განსხვავებული რეჟიმით იმუშავებს, რაც ცალ-ცალკე ჯგუფებთან შეხვედრას ითვალისწინებს
გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განაგრძობს განსხვავებულ რეჟიმში, რომელიც ითვალისწინებს ცალ-ცალკე ჯგუფებთან შეხვედრას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დღეს 11:00 საათზე შედგა შეხვედრა ჯანდაცვის ჯგუფთან, დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები ეკონომიკურ და სამართალდამცველ ჯგუფებთან.
„პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორაცია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსის თვალსაზრისით, ასევე მან მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რა დამატებითი სიმძლავრეები იქნა მოძიებული ჯანდაცვის სისტემაში, რათა მზად დავხვდეთ შესაძლო გართულებებს. დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ შეადგინა 38. უმეტესობას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ კარანტინში იმყოფება 1261 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 216 პირი. მათთან მიმართებაში ხორციელდება ყველა განსაზღვრული ღონისძიება. პრემიერმა ასევე მიიღო ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისგან, თუ რა ვითარებაა სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით, ასევე დამატებითი ტესტირების შესაძლებლობების გაზრდისათვის ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.