ირაკლი ჩიქოვანი - რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერი უკრაინისა და „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა დააინიცირეს, რაც სრულიად უსაფუძვლო და უადგილოა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საერთოდ არ ყოფილა სააკაშვილზე საუბარი, რამდენიმე ადამიანმა, უკრაინის დელეგაციისა და „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა დააინიცირეს ცვლილება და მიხეილ სააკაშვილი მოაყოლეს ფრჩხილებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩანაწერი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში გაკეთდა, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უადგილოა.
„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი პარტნიორი პარტიები ცდილობენ, ყველგან შემოიტანონ ეს თემა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და უადგილო იყო ამ კონკრეტულ რეზოლუციასთან მიმართებაში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი ისტორია ევროსაბჭოში. როგორც იცით, სულ რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული რეზოლუცია, რომელშიც უშუალოდ საქართველოზე იყო საუბარი. ძალიან დეტალურად იყო აღწერილი აბსოლუტურად ყველა თემა და ყველა საკითხი, რომელიც საქართველოს ეხებოდა და ასეთი ჩანაწერი ამ რეზოლუციაში არ არსებობს. ის არის მთავარი რეზოლუცია, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს, მის წინააღმდეგ არსებობს ორი კონკრეტული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და ის იხდის სასჯელს. ყველა დანარჩენი საკითხი ამ თემასთან მიმართებაში, თითქოს ამ ყველაფერს აქვს გარკვეული პოლიტიკური სარჩული, არის სპეკულაცია“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
კითხვას იმის შესახებ, „საერთო ჯამში, ხომ არ არის აცდენილი ერთმანეთთან რეზოლუციის სულისკვეთება, სახელწოდება და ეს ჩანაწერი“, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:
„ქართული დელეგაცია მხარს უჭერდა იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ რეზოლუციაშია. გეტყვით იმასაც, რომ ამ რეზოლუციაში საერთოდ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა. უფრო მეტიც, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანილი ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები და ეს არის ზუსტად ის, რისთვისაც უნდა მიღებულიყო ეს რეზოლუცია. ხოლო რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ასევე „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა დააინიცირეს ეს ცვლილება, ისიც ფრჩხილებში მოაყოლეს მიხეილ სააკაშვილი. ეს არის აბსოლუტურად უადგილო რამ და შეუსაბამო ამ რეზოლუციის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ბრძოლას, რომელშიც არის უკრაინა, მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ კიდევ ერთხელ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებები, ასეთი მოქმედებები ნამდვილად ხელს არ უწყობს ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთობას. საქართველო კვლავაც გააგრძელებს ძალიან აქტიურ მხარდაჭერის პოლიტიკას, პოლიტიკურ დონეზე და რა თქმა უნდა, იმ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ვუწევთ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს და მეგობარ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:
„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.