ირაკლი ჩიქოვანი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გვექნება ორმხრივი შეხვედრები, საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ გვაქვს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გვექნება ორმხრივი შეხვედრები, საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველ არხს სტრასბურგში განუცხადა, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნა.
მისივე თქმით, კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის რამდენიმე წევრი სიტყვით მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას და ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას პირდაპირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებებთან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია, რათა ვისაუბროთ ჩვენს კოლეგებთან, ადამიანებთან, რომლებიც აყალიბებენ თითოეული სახელმწიფოს პოზიციას კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ამ ადამიანებს, ვინც საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ, აქვთ ძალიან აქტიური პოლიტიკური ცხოვრება, თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული და პროცესებზე აქვთ გავლენები.
ზოგადად ასამბლეაზე დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც, შევხვდებით კოლეგებს, მათ შორის სოციალისტების საპარლამენტო ჯგუფიდან, სადაც დავაკოორდინირებთ საერთო გეგმებს. ასევე იქნება საუბარი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმ პროგრესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ გვაქვს. კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის რამდენიმე წევრი სიტყვით მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას, სადაც სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.