ირაკლი ჩიქოვანი - ევროპარლამენტში გამართული დებატების საერთო პათოსი იყო, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება
ირაკლი ჩიქოვანი - ევროპარლამენტში გამართული დებატების საერთო პათოსი იყო, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება

ევროპარლამენტში გამართული დებატების საერთო პათოსი იყო, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ზოგიერთი გამომსვლელის სიტყვა პოლიტიკური სუბიექტურობით იყო განმსჭვალული.

„გუშინ ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს გულშემატკივარი ადამიანები. ზოგ შემთხვევაში განცხადებები განმსჭვალული იყო პოლიტიკური სუბიექტურობით, მაგრამ მთავარია, ყველა მოუწოდებს, რომ საქართველოში უნდა შედგეს დიალოგი. საერთო პათოსი ეს იყო, რომ ევროპის სახელით საქართველოში რევანში ვერ შედგება. ბატონმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელია, პირდაპირ თქვა, რომ ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის საქართველო საკვანძო ქვეყანაა და მას აქვს უზარმაზარი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით. დიახ, მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს გარკვეული პოლარიზაცია და ეს ფაქტია.

ასევე იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ თუ რაიმე უთანხმოება არსებობს, ამისთვის სასაუბრო ადგილი არის პარლამენტი. ასევე დავინახე, რომ თითოეული გამომსვლელი საუბრობდა შარლ მიშელის მიერ სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნაზე. ასეთი მაღალი ფიგურა ხაზს უსვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგით დასრულდეს. ჩვენი მხრიდან გამოვხატავთ მზაობას, რომ მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც წაადგება სახელმწიფოს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.