ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით, რადგან, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია შესრულებულია
წლებია, საქართველოს აქვს ასოცირების დღის წესრიგი და გამოკვეთილი მიზანი, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, კარგია, როდესაც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ამ საკითხებზე საუბრობენ, რადგან ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს აქვს პერსპექტივა და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს, რადგან, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.
„წლის ბოლოს ველოდებით ევროპული საბჭოს შეხვედრას, სადაც განიხილება იმ რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ევროკომისიისგან მივიღეთ. რა თქმა უნდა, პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ, პრაქტიკულად, ყველა რეკომენდაცია უკვე შესრულებული გვაქვს. რაიმე თუ არის შეუსრულებული, იმასაც შევასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.