ირაკლი ჩიქოვანი - ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიცია მორიგ ჯერზე ყველა ნეგატივის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმე ძალიან პრობლემური საკითხია, რომელიც დგას არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო კუთხით.
„სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის, რომ ამ საერთაშორისო თაღლითობაში ჩართული არიან ადამიანები, რომლებიც აფინანსებენ ოპოზიციას, ტელევიზიებს, რომლებიც ოპოზიციას მხარს უჭერენ და შემდეგ ვიღებთ სიტუაციას, როცა ისინი წარმოჩენილი არიან, როგორც დემოკრატიის მხარდამჭერები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე არის მცდელობა, რომ ყველა ნეგატივი ხელისუფლებას დაუკავშირონ.
„ჩემთვის როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებები უკვე აწარმოებენ გამოძიებას, უკვე არაერთი შედეგია მიღწეული. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად, მიღწეული გვაქვს შედეგი და პასუხისგებაში მიცემულია სხვადასხვა პირი. დარწმუნებული ვარ, გამოძიებები კვლავ გაგრძელდება და შედეგი იქნება მიღწეული. კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიცია მორიგ ჯერზე ყველა ნეგატივის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს. ამას საზოგადოება უკვე სერიოზულად არ აღიქვამს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი საშუალება, ოპოზიციამ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, რასაც არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პარტია „საქართველოსთვის“ გამოვიდა ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს.