ირაკლი ჩიქოვანი - დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები
ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინიტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მთავრობას აქტიური კომუნიკაცია აქვს საპატრიარქოსთან.
„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრიარქოსთან და პატრიარქთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით.
ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი სოციალური დისტანცია.
„კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ, ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.
ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვას.
დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება, ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას“ , – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.