ირაკლი ჩიქოვანი - დღეს ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის, გიორგი შენგელია მიდის გამარჯვებისკენ
ირაკლი ჩიქოვანი - დღეს ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის, გიორგი შენგელია მიდის გამარჯვებისკენ

მიუხედავად პროვოკაციების მცდელობებისა, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი დიდწილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველი აქტიურია, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი ზუგდიდის სასარგებლოდ. გიორგი შენგელია არის ზუგდიდელების კანდიდატი. არჩევნების დასრულებამდე დარჩა კიდევ ორი საათი და ძალიან მნიშვნელოვანია, განვაგრძოთ ასეთი აქტიურობა. სწორედ, ეს არ დაუტოვებს შანსს ჩვენს ოპონენტებს,  მოაწყონ პროვოკაციები და არეულობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება და ზუგდიდელები არეულობას არ დაუშვებენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა, არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა.  ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას არ დაუშვებენ ზუგდიდელები. არეულობა და დესტბილიზაცია ზუგდიდში არ იქნება. დარწმუნებული ვართ, ნამდვილი დამკვირვებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სათანადოდ შეაფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულიად გამაოგნებელ, პროვოკაციულ, დესტრუქციულ განცხადებებსა და ქმედებებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, არეულობის მოწყობის მცდელობას გაემიჯნონ.

„მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ცალსახად გაემიჯნონ არეულობის მოწყობის მცდელობას და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული შინაარსის მატარებელ ყოველგვარ გეგმას. ნუ დაუპირისპირდებიან ხალხის ინტერესებს. ყველა დავიცვათ საარჩევნო პროცესს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას, წყნარ, მშვიდ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. დღეს ზუგდიდი თავის სიტყვას იტყვის. გეგა შენგელია მიდის გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მისი თქმით, უბნებთან კონკრეტული ადამიანები ხელს უშლიან საარჩევნო პროცესს.

„უბნებზე გადაადგილებისას დაინახავთ, რომ კონკრეტული ადამიანები გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციებს არიან ამოფარებული, ისინი ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ მათ არ იციან საარჩევნო კანონმდებლობა“, – აღნიშნა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ  შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები  ხმების სწრაფ დათვლას უზრუნველყოფენ.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.