ირაკლი ჩიქოვანი - დღეს რაც ფოთში, სენაკსა და ხობში ხდება, რომ არჩევნებში ოპოზიციიდან არ დგას კანდიდატი, ნათლად მიანიშნებს, რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები გაკოტრებულია
დღეს რაც ფოთში, სენაკსა და ხობში ხდება, რომ არჩევნებში ოპოზიციიდან არ დგას კანდიდატი, ნათლად მიანიშნებს, რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები, მედიასაშუალება გაკოტრებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ფოთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფოთში, სენაკსა და ხობში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი შეფერხება არ არის იმ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს ინერგება.
„არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავითარი შეფერხება არ არის იმ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს ინერგება ჩვენს მუნიციპალიტეტებში და რომელიც ასევე იქნება გამოყენებული მთელი საქართველოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ – და აქ არ არის დიდი კონკურენცია – რომ გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და ძალიან მალე შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას. ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკსა და ხობში, რომ ოპოზიციის მხრიდან არ დგას სხვა კანდიდატი და ნებისმიერ სხვა ოლქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მუნიციპალური არჩევნები, ნათლად მიანიშნებს, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალა, მედიასაშუალება გაკოტრებულია, ისინი ვერანაირ შეთავაზებას ვერ უკეთებენ საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ დასხდნენ სადღაც ოთახებში, დაწერონ კვლევები, მოიგონონ ციფრები და ამით დაიწყონ მანიპულირება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენს საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება კვლავ გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებით ინტეგრაციას ევროკავშირში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დღეს, 29 აპრილს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
26-ე მაჟრიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის 70-ე, სენაკის 64-ე და ხობის 66-ე ოლქები შედის, სულ 105 404 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში – 17, სენაკის 64-ე ოლქში – 34, ხოლო ხობის 66-ე ოლქში 24 უბანია გახსნილი.
26-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.